სალომე ზურაბიშვილი — საფრანგეთისა და საქართველოსპოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს მე-5 პრეზიდენტი. საქართველოში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მოღვაწეობის პერიოდში, მის სახელს უკავშირდება საქართველოდან რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზების გაყვანა. დაიბადა და გაიზარდა საფრანგეთში, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის მოღვაწის ლევან ზურაბიშვილის ოჯახში. იგი არის ნიკო ნიკოლაძის შვილთაშვილი. ქართულ პოლიტიკაში გამოჩენა საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა 2004 წლის მარტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა. სამთავრობო გუნდთან და ქვეყნის პრეზიდენტთან კონფლიქტის შემდეგ ზურაბიშვილმა თანამდებობა დატოვა და აქტიურ ოპოზიციაში გადავიდა. ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში მან პოლიტიკური პარტია საქართველოს გზა დააფუძნა, მოგვიანებით იგი გაერთიანებულ ოპოზიციას შეუერთდა და საქართველოს ხელისუფლების ცვლილების მოთხოვნით გამართულ არაერთ მანიფესტაციაში მიიღო მონაწილეობა. 2010 წლიდან სალომე ზურაბიშვილმა ქართული პოლიტიკა დატოვა და აკადემიური საქმიანობა გააგრძელა. ქართულ პოლიტიკას 2012 წლიდან დაუბრუნდა, როცა საქართველოს ხელისუფლება შეიცვალა. ზურაბიშვილმა 2016 წლის საქართველოს მე-9 მოწვევის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა დამოუკიდებელად, უპარტიოდ წამოაყენა. მმართველმა გუნდმა მთაწმინდის საარჩევნო ოლქში მას კონკურენტი კანდიდატი არ დაუყენა. 2018 წლის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველო პარტიის მხარდაჭერით ისარგებლა. საქართველოს მე-5 პრეზიდენტის არჩევნებში მან მე-2 ტურში საბოლოოდ გაიმარჯვა და 2018 წლის დეკებრიდან საპრეზიდენტო საქმიანობას შეუდგა. საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციით პრეზიდენტი ზურაბიშვილი არის პირდაპირი არჩევნების გზით არჩეული საქართველოს ბოლო პრეზიდენტი, რომელსაც ეს თანამდებობა 6 წლის ვადით ეკავა. ის არის აგრეთვე საქართველოში და მთლიანად კავკასიის რეგიონში არჩეული პირველი ქალი პრეზიდენტი.
ქუჩუქ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულება (1774) — რუსეთისა და ოსმალეთს შორის 1774 წლის 21 ივლისს სოფელ ქუჩუქ-კაინარჯში დადებული ხელშეკრულება, რომლითაც დამთავრდა რუსეთ-ოსმალეთის 1768-1774 წლების ომი. ევროპელი დიპლომატების მტრული პოზიციისა და რთული საშინაო ვითარების მიუხედავად, რუსეთმა მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია: გადაეცა ტერიტორია დნეპრსა და ბუგს შორის, სიმაგრეები შავ ზღვაზე — კინბურნი, ქერჩი და იენიკალე; რუსეთის სავაჭრო ფლოტს შავ ზღვაზე თავისუფალი ნაოსნობისა და სრუტეებში გავლის ნება დართო; კავკასიაში რუსეთის საზღვარი მდინარე ეისა და თერგის ხაზზე გავიდა; ყირიმის სახანოს დამოუკიდებლობა მიენიჭა (გათავისუფლდა ოსმალეთის ბატონობისგან). ქუჩუქ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულებამ ხელი შეუწყო ზღვაზე ვაჭრობის განვითარებისა და რუსეთის სამხედრო სტარატეგიული პოზიციის განმტკიცებას.